თბილისი, 21ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა თბილისში, 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე მოხდა.
გამოძიების ცნობით, 19 წლის რევი დემეტრაშვილი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მოსთხოვეს გაჩერება. პოლიციელების მოთხოვნას დემეტრაშვილი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის ავტომობილს.
ინციდენტის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.