საქართველოში ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

ამნისტია საქართველოში 4,8 ათასზე მეტ პატიმარს შეეხება
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ასევე პატიმართა ნაწილის სრულ გათავისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ დააინიცირა ამნისტიის პროექტი, რომელიც შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
„ის 4.839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი - 1.000 პატიმარს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება საპატიმრო სასჯელის შემცირებას, ის შემცირდება 1/2, 1/4 და 1/6-ით.
პრობაციონერებს პირობითი სასჯელი 1/6-ით შეუმცირდებათ, ანუ 1 წლით. დღეს საქართველოში 22 პრობაციონერია, მათგან 7 ათასს ამნისტია კანონპროექტის დამტკიცებისთანავე შეეხება.
იონათამიშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლიდან, „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის ათი კანონი მიიღო და ეს იქნება მეთერთმეტე.
მან აღნიშნა, რომ ამნისტიის მიზანი 28 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა. კერძოდ, მიზანია პატიმართა რაოდენობის შემცირება ოპტიმალურ ევროპულ დონემდე.
ოპოზიციის უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ინიციატივას წინასაარჩევნო პარი უწოდა. ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიას თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს.
„დღევანდელ რიგგარეშე სესიას ბოიკოტი „რადიკალურმა ოპოზიციამ“ გამოუცხადა. ეს ნიშნავს, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ბოიკოტი ადამიანის უფლებებს გამოუცხადა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
„ამნისტიის“ კანონპროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გარდა, მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ოთხმა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა.
2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10.241 ადამიანია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.