თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის საზაფხულო ბაღებში 18,5 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.
„წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით წელს მათი რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზარდა - სამი ახალი ბაღია, ორი გარემონტდა და კვლავ გაიხსნა, აღნიშნა მერმა.
საზაფხულო ბაღების დაფინანსებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარი გამოიყო - 50 ბაღში 3,1ათასამდე თანამშრომელი დასაქმდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის - ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მაცხოვრებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.