ივანიშვილი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დასავლეთთან და აღმოსავლეთთან თანამშრომლობა

ივანიშვილის თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ჩინეთთან არ არის აშშ-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს სჭირდება თანამშრომლობა როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, რათა განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის დაწყებისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
„იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ხელისუფლებამ ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გააკეთა, დასძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ჩინეთთან არ არის აშშ-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა.
„ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს", - განაცხადა მან.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის იზრდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა.
„ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში", აღნიშნა ივანიშვილმა.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვის გასწვრივ ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი დერეფანში სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში საქართველოს ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.