თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Air China დაინტერესებულია 2024 წლის სექტემბრიდან თბილისსა და ურუმჩის შორის პირდაპირი სამგზავრო ფრენები დაიწყოს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ფრენების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. Air China ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3 სიხშირით განიხილავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.
ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთი ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, რადგან ამ ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ გრძელვადიან ტურებს და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით.
„პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა.
2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).