თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივნისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ექვს თვეში ქვეყანაში 7,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 0,2%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ივნისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
ექსპორტი | 2 848,3 | -6,7 |
იმპორტი | 7 471,8 | 0,2 |
სულ | 10 320,1 | -1,8 |
ექსპორტმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.