ევროკავშირმა საქართველოში არასამთავრობო სექტორის დაფინანსების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ხელისუფლების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ერევიან პოლიტიკაში, მალავენ დაფინანსების წყაროებს და მიზნებს
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბოლო წლებში ევროკავშირმა 46,1 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს 170 არასამთავრობო ორგანიზაციას, რასაც 11-ჯერ აღემატება სამინისტროებისა და ქვეყნის სხვა სამთავრობო უწყებებისთვის გამოყოფილი დახმარება, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
2019-2024 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული 47 პროექტისთვის 46,1 მილიონი ევრო გამოყო. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ ანგარიშში პროექტები მიმართულებების მიხედვით დაყო:
ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა - 8,6 მილიონი ევრო;
დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია - 8 მილიონი ევრო;
ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება - 7,9 მილიონი ევრო;
უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა - 4,9 მილიონი ევრო; კ
ულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - 4,6 მილიონი ევრო;
ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის - 4 მილიონი ევრო;
დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება - 3.9 მილიონი ევრო;
გარემოს დაცვა და კლიმატი - 2 მილიონი ევრო;
საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა - 1,2 მილიონი ევრო;
იურიდიული და სასამართლო სისტემა - 1 მილიონი ევრო.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკუთხი საქართველოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია საუბრობს იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერევიან პოლიტიკაში, მალავენ დაფინანსების წყაროებს და მიზნებს. ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე უცხოელი დონორებიც გახდნენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამერიკული „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის" (EED) მიერ გამოყოფილი თანხები საქართველოში იმ ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
სკანდალური კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 3 ივნისს შევიდა ძალაში. იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სავიზო შეზღუდვები და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.
მმართველმა პარტიამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ" გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ.