თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე - The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება, რომელიც 20-21 ივლისს გაიმართება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, ლონდონის გასტრონომიულ ფესტივალზე, რომელსაც 6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრება, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა.
ფესტივალზე ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო და ქვევრის ნატურალური ღვინო იქნება წარმოდგენილი - ქართველი შეფები და სომელიეები მონაწილეებს ქართულ კერძებსა და ღვინოს გააცნობენ. კერძოდ, 20 და 21 ივლისს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს გააცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მოაწყობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებშიც. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.
The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
The National Geographic Traveller-ის გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც 2019 წლიდან ტარდება, მთელი მსოფლიოდან პოპულარულ შეფებსა და კულინარიის ექსპერტებს მასპინძლობს. ფესტივალში წელს მთელი მსოფლიოდან 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი და სპიკერი მონაწილეობს.