ე.წ. ბასლაინზე გადაადგილებას მოტოციკლები და მოპედებიც შეძლებენ

მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში - ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიეცეს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტი ბიუროს სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინიცირეს.
ცვლილების ინიციატორების განმარტებით, მოტოციკლებისა და მოპედების ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება დაშვებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში: ვენაში, მადრიდში, ბარსელონასა და სტოკჰოლმში.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა.
პროექტის თანახმად, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3 (სამგზავრო), N2 და N3 (სატვირთო)კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ისე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათას ლარს შეადგენს.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, თბილისის საკრებულო წარადგენს შესაბამის წესებსა და პირობებს, რომლითაც მოტოციკლები და მოპედები საავტობუსე ზოლზე გადაადგილდებას შეძლებენ.