თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ტერორიზმში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს, შესაძლოა, გარესამყაროსთან ურთიერთობის უფლება შეეეზღუდოთ - შესაბამისი ცვლილებები „პენიტენციურ კოდექსში“ შედის.
ცვლილებების თანახმად, საუბარია სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, ვიდეოპაემნის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებების შეზღუდვაზე. შეზღუდვების ვადა შეიძლება იყოს სამ თვემდე და შეიძლება გახანრგძლივდეს კიდევ სამი თვის ვადით. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ შეზღუდვა მოიხსნება.
შეზღუდვა შეეხებათ პირებს, რომლებიც ბრალდებული და მსჯავრდებული არიან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით - „საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები“ და „ტერორიზმი“.
სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული თავები მოიცავს ისეთ მუხლებს, როგორიცაა „შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეხვლის მიზნით“, „მოწოდებები საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შესაცვლელად ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ“ და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების „დაფინანსება“ ან სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან და „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება“.
უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით პენიტენციური დაწესებულების დირექტორი მიიღებს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების" დეპუტატები: ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ქეთევან ჩარკვიანი.
მათი აზრით, ასეთი შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის პრობლემას მოაგვარებს. ცვლილებები ძალაში პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელოწერის შემდეგ შევა.