ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ: ხელისუფლების პირველი პირები ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მომხდარ თავდასხმას საქართველოს პირველი პირები გამოეხმაურნენ.
„რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!" - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე.
პრეზიდენტ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!”, -დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. გამოცემა იუწყება, რომ თავდამსხმელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს - ჯერჯერობით დადგენილი არ არის ტრამპზე თავდასხმის მოტივი.