მსოფლიო დღეს

ვინ არის დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი - FBI-მ ვინაობა გაასაჯაროვა

ექს-პრეზიდენტზე თავდასხმის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები რამდენიმე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა.
პოლიტიკოსს ტყვია მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მოხვდა. სროლის შედეგად შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
„გასროლა მოხდა სცენიდან 130 იარდის (100 მეტრზე - რედ.) დაშორებით მდებარე საწარმოს სახურავიდან. როდესაც ტრამპი სცენიდან გაჰყავდათ, მან მუშტი ასწია. თავდამსხმელი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს“, - იუწყება გამოცემა.
როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის ტრამპზე თავდასხმის მოტივი.
ამასთან, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოპონენტზე თავდასხმის გამო საკუთარი შვებულება შეწყვიტა. ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ადგილი არ არის.