15 ივლისს რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
ამ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.