თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარედგინება - გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ მიიღო.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
კანდიდატის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ ასევე ადვოკატები დარეჯან ბუცხრიკიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი. საპროკურორო საბჭოს კენჭისყრის შედეგებით, გაბიტაშვილმა 12-დან 11 ხმა მიიღო და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
გენერალური პროკურორობისთვის გაბიტაშვილს მხოლოდ დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ის კომიტეტის წინაშე 16 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარდგება.
გიორგი გაბიტაშვილი კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ და აკადემიური და იურიდიული წრეების წევრებმა წარადგინეს.
გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.
ის გენერალურ პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. 2005 წლიდან 2007 წლამდე თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში სტაჟირების შემდეგ, 2007 წელს იყო პროკურორი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გახდა ამ პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.
2013 წელს, 14 იანვრიდან 13 ივნისის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.