ნატოს წევრები 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს იარაღის მიყიდვაზე უარს ეუბნებოდნენ

ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს იარაღის მიყიდვაზე უარს ეუბნებოდნენ, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც გაერთიანებაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს აჩერებს და თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვას ითვალისწინებს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 519 მილიონი ლარით გაზრდაზე, საიდანაც 100 მილიონი თავდაცვის სამინისტროსთვის არის განკუთვნილი.
„საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. „ნაცები“ ამას მალავდნენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ექვსი წელი, ომგამოვლილი ქვეყნის თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უარს ეუბნებოდა იარაღის მიყიდვაზე (ჩუქებას ვინ დაეძებდა)“, - დაწერა პაპუაშვილმა.
2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
დეპუტატი: ევროკავშირის გადაწყვეტილება ქართული ჯარის მიმართებით უსამართლოა>>
16 წლის წინ ბუქარესტში ნატოს სამიტზე გადაწყდა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიწვევა. „ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები“, - ნათქვამია 2008 წლის სამიტის დეკლარაციაში. მაგრამ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ქვეყნებს არ მიუღიათ.
2024 წლის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთ პარაგრაფშია მოხსენიებული. ეს არის მოწოდება რუსეთისადმი „გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განთავსებული“.
ამას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა როგორც ნატოს, ისე მთელი დასავლეთის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახმაურებული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
მაისის ბოლოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს უარი თქვას ამ კანონის მიღებაზე. განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს.
მაისის ბოლოს კი შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყეს.
ივნისის დასაწყისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლებას, ხოლო 9 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა გადაწყვიტა. მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა.