ქუთაისის აეროპორტში ოპერირება Car rental-ის სერვისის მესამე საერთაშორისო ბრენდმა დაიწყო

ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar-მა დაიწყო, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს.
კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით, Goldcar-ითაც არის წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს უახლესი, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილების, ისე ბიუჯეტური ტიპის ავტომობილების გაქირავებას სთავაზობს.
სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ, სადაც Europcar-ი ოფისია განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, სედანის ტიპის, ასევე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილებით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეუძლიათ (https://www.europcar.ge/ka/fleetguide).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო ბრენდის, Europcar-ის წარმომადგენლობით. შესაბამისად, მგზავრებს უკვე საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ავტომობილი აეროპორტშივე იქირაონ და მიიღონ ის სერვისი, რომელი მანქანების გაქირავებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქარქაშაძემ წარმატებები უსურვა ახალ კომპანიას ქუთაისის აეროპორტში და აღნიშნა, რომ აეროპორტების გაერთიანება ყოველთვის მიესალმება და ხელს შეუწყობს მგზავრებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.
Europcar Georgia 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება.