თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს 6 თვეში 3.021.067 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით მეტია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2.123.816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდამ 10%-ია.
რაც შეეხება 2024 წლის მეორე კვარტალს, აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1.720.516 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტია.
ბოლო სამ თვეში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით იმატა ტურისტულმა ვიზიტებმაც. აპრილ-ივნისში 1.185.172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და მესამე კვარტლის ბოლოს, უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.
„ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს… ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ეს იქნება: ევროპა, სპარსეთის ყურის ქვეყნები. ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები, მათ შორის საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში მესამე კვარტლის, ზაფხულის ბოლოს შეჯამებით ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.