თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს სიძესთან, 32 წლის მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა. მოგვიანებით ის საჩხერეში, სიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც სიძის მეგობარი 45 წლის წლის მამაკაცი იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
მომხდარის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიჭრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.