თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ არასამთავრობო სექტორზე ზეწოლა ხდება, უსამართლობაა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის გეგმების თაობაზე აჩენს კითხვებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
9 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გაერთიანების ლიდერების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რომლებიც, დიპლომატის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. ამასთან, ჰერჩინსკიმ თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონის გაყინვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები სულ მცირე უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს - მართლაც, ამ ნაბიჯების უკან ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს?!", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
ნინო ლომჯარია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია. მას შემდეგ რაც ომბუდსმენის უფლებამოსილება ამოეწურა, მან პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" დააფუძნა - ლომჯარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მწვავე მოწინააღმდეგეა.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ დრომდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე - აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის წევრ ქვენებში არსებული გაცილებით უფრო მკაცრი კანონი რატომ არის მათთვის კარგი, ხოლო საქართველოსთვის - ცუდი და რა არის მათ შორის სხვაობა.
„ჩვენი მხრიდან საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით", განაცხადა ვოლსკიმ.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თანხები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს. მათ საქმიანობას არავინ ზღუდავს, დასძინა დეპუტატმა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა - ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას უჩვენებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.