კალაძე: ჯარს თანხები ამოაცალეს და „ენჯეოებს" მისცეს

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პირველ რიგში ქვეყნის ინტერესების დაცვაა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართულ ჯარს არაფრის საჭიროება არ ჰქონდეს და საკუთარ თავზე არ იგრძნოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვის შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა.
„მინდა ვთქვა, რომ ჯარს არაფრის საჭიროება არ ექნება. თავის მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოთს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ თანხები ქართული ჯარისკენ მიემართათ, იგი გადანაწილდა არასამთავრობო სექტორზე, ხელისუფლების ოპონენტებსა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებზე - საქართველოს ყოფილ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურზე.
„ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატო-ს ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.