თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვისა და მისი არასამთავრობო სექტორისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ გაბედა გამჭვირვალობაზე საუბარი, ზიანს აყენებს მის ავტორიტეტს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.
განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ გერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა.
„30 მილიონის ისე გამოყენება, რომ მას ჯარის პროგრამებს გამოართმევ და გადასცემ იმ სექტორს, რომელსაც ამ 30 მილიონის გამჭვირვალედ დახარჯვა არ უნდა, ევროკავშირის ავტორიტეტისთვის დამაზიანებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, თანხების გადამისამართება თავდაცვის სექტორის დაფინანსებიდან არასამთავრობო სექტორზე, რომელიც არ აპირებს გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას, არ ასახავს ევროკავშირის იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველო გაერთიანებაში შესვლას ცდილობს.
„როდესაც ევროკავშირი აკეთებს ასეთ განცხადებას იმის გამო, რომ ჩვენ გავბედეთ და დავიწყეთ საუბარი გამჭვირვალობაზე, არ ვფიქრობ, რომ ეს ახასიათებს ევროკავშირს იმ ნიშნით, რომლის საფუძველზეც გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობაა და ამის დაბრკოლება შეიძლება გახდეს ის რადიკალური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში შეინიშნებოდა თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს.
„ჩვენ ვზრუნავთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვზრუნავთ, რომ საქართველო ომის ქარ-ცეცხლში არ გაეხვეს. ამის წინაპირობა შეიქმნება, თუკი წარმატებას მოიპოვებს რადიკალიზმის პროცესი, რაც ჩვენ თბილისის ქუჩებშიც ვიხილეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.