ირაკლი კობახიძე ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მსახიობს არაერთი ჯილდო და პრემია ჰქონდა მიღებული.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 ასაკში გარდაიცვალა.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ქეთევან კიკნაძე გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.
„ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის სამძიმარში.
ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
იგი გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.
ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2005 წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
1999 წ. – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
1991 წ.– ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე;
1987 წ. – საქართველოს სახალხო არტისტი;
1987 წ. – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.