თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2023 წლის 4 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6.189 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი გასული წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
„ყველაზე მეტი - 2.946 დარღვევა - დაფიქსირდა თბილისში, 1.242 - ქუთაისში, 1.051 - ბათუმში, 950 კი რუსთავში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაჯარიმებული 6.189სამართალდამრღვევიდან 5.405 - ფიზიკური პირია, ხოლო 784 - იურიდიული პირი.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 3.837 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2.086- მიკროავტობუსის, 259 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.