ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო გაყინა

საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა შეიზღუდება, თუმცა გაფართოვდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა, განაცხადა ელჩმა
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინონ, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
„როდესაც საქმე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მისი სახელწოდებაა „ევროპის სამშვიდობო ფონდი“. ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯები, საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა შეზღუდული იქნება, განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ამასთან გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა.
„შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკიმ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ შეაჩერონ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.