დავითულიანი: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღის ნაწილი

საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა შეიზღუდება, თუმცა გაფართოვდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის გაფართოების იმ დიდი ტალღის ნაწილი, რომელიც დღეს არ ჩანს, განaცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეაჩერონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. მისი თქმით, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის.
„როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს, მაგრამ როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი", - განაცხადა დავითულიანმა.
ბევრი რამ ხდება დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება, აღნიშნა მან.
დეპუტატის თქმით, საქართველო დროებით აჩერებს გზას ევროკავშირისკენ, მაგრამ მომავალი წლიდან აუცილებლად გააგრძელებს გაწევრიანების პროცესს.
„იმედი მაქვს, რომ ამას ყველა დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, - განაცხადა დავითულიანმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოების საკითხს, 2023 წლის ივნისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს ახალი წევრების მისაღებად. ამავე დროს, ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.
თურქეთს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვს 1999 წლიდან, ჩრდილოეთ მაკედონიას - 2005 წლიდან, სერბეთს - 2012 წლიდან, ალბანეთს - 2014 წლიდან. ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანდა ხორვატია – 2013 წელს. პროცესს 10 წელი დასჭირდა.