თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 28:17 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუსქულა მოიპოვა - პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების ბონუსქულით დამარცხება სჭირდებოდათ.
იტალიელები შეხვედრის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – მიხეილ ხახუბიას მიერ დადებული ლელო ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა, ტაიმის ბოლოსკენ კი იტალიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 14:10 მოიგეს.
მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ და 61-ე წუთზე ხაინდრავამ ლელო ძელებს შორის დადო, ცირეკიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 21:10.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიხეილ ყაჩლავაშვილმა მეოთხე ლელო დადო და საქართველოს ნაკრებს ბონუსქულა მოუტანა.
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხდეს, ბონუსქულის აღება ვერ მოახერხოს.