თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცი წინასაარჩევნოდ შესაძლო ალიანსების თაობაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
„ჩვენ, პარტიული ძალები - პოლიტიკური გაერთიანება „ახალი”, „დროა” და „გირჩი - მეტი თავისუფლება” ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, - განაცხადა პარტია „ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, სამი ძალის ერთობა ეფუძნება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის, მმართველ ძალასთან თანამშრომლობაზე უარისა და ოპოზიციასთან კოორდინაციის პრინციპებს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამ დროისთვის პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ თანამშრომლობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა, მისი თქმით, „არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება“.
„ჩვენ „ლელოს" სტაბილურ და მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. იყო აზრთა სხვადასხვაობა, რის გამოც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. თუმცა, პროცესი დახურული არაა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამარტო „ლელოსთან". ჯერ კიდევ საკმარისი დროა“, - განაცხადა გვარამიამ.
პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ახალის“ ლიდერები - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან, რომლებმაც პარტია შიდა უთანხმოების გამო სხვადასხვა დროს დატოვეს. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ბანკირები იყვნენ.
საბოლოო ჯამში პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროამ“ და „ახალმა“ გაერთიანება მოახერხეს. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" კატეგორიული უარი განაცხადა „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.