თბილისი, 8 ივლისი– Sputnik. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის- იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
იტალიური კალია აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ამ ეტაპისთვის 12 000 ჰა ფართობია დამუშავებული.
კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს ადგენენ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა- შემცირებულია.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.