მსოფლიო დღეს

ორბანი: რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების მთავარი ძალა ჩინეთია

1 ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პირობების შესაქმნელად, დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე, „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში, ორბანი 2 ივლისს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, 5 ივლისს კი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. აღნიშნული ვიზიტების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აპირებს რამდენიმე „მსგავსი მოულოდნელი“ შეხვედრის გამართვას.
ორბანის ვიზიტი ჩინეთში სი ძინპინის უნგრეთში ოფიციალური ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ შედგა.
„უნგრეთის მეზობლად მიმდინარე კონფლიქტის შემთხვევაში, ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ თქვენს (ჩინეთის) სამშვიდობო ინიციატივას“, - ორბანის სიტყვებს ციტირებს სააგენტო MTI.
მისი თქმით, უნგრეთი „ყოველთვის მშვიდობის მხარესაა და არასდროს ომის მხარეს“, რადგანაც უნგრელი ხალხი ილტვის მშვიდობის, თანასწორობისა და ჰარმონიისკენ.
1 ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, რომელსაც სიმბოლური თანამდებობა ბელგიისგან გადაეცა.
მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ისევე როგორც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის აზერბაიჯანში გამართულ სამიტში მონაწილეობის შემდეგ, ორბანი ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის კრიტიკის სამიზნე გახდა.
ბორელის თქმით, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს საგარეო ასპარეზზე და არ აქვს ევროპული მანდატი რუსეთის ფედერაციასა და UTC-ის სამიტზე ვიზიტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ექვსი თვით გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე.