თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა, რომელიც 3.120 ახალგაზრდას 13 ნაკადად მიიღებს, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანაკლიის ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, თითო ნაკადზე ბანაკი 18-25 წლამდე ასაკის 240 მონაწილეს უმასპინძლებს - მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პირველი ნაკადის ფარგლებში ბანაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობაზე და გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე. ტრენინგებს ჩაატარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები.
ასევე, გათვალისწინებულია ე.წ. Guest spiker-ების ნაწილი, სადაც ცნობილი ადამიანები (პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.) ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ.
სამინისტროს ცნობით, საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები - გარემონტდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით.
ახალგაზრდების ნაკადების მიღებამდე, ანაკლიის საზაფხულო ბანაკის ბაზაზე ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგიც ჩატარდა. მიმდინარე წელს ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 160-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ. ტრენინგის მიზანი იყო, დახმარებოდა მათ ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ტრენინგზე ლიდერობის კანდიდატები გაეცნენ ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის ბენეფიციართა ინტერესებს და ეხმარება მათ განვითარებაში. ტრენინგის შემდგომ შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში საქმდება 250-მდე ლიდერი.