თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავს კახაბერ ზურაბაშვილს გორის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
2 ივლისს თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა სუ-25 ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, კატასტროფა განიცადა. მომხდარის შედეგად თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 401-ე მუხლით დაიწყო. საქართველოს პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
დანაშაული ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მოდერნიზებული სუ-25-ის საცდელი ფრენები საქართველოში 2021 წლის მარტიდან ხორციელდება. საქართველოს ავიაპარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.