გაერთიანება არ იქნება: „ლელო საქართველოსთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე

ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ - სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განაცხადა პარტიის გენმდივანმა
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა პარტიის გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთია იმ ექვსი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
„წინასაარჩევნო ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. „ლელოს" ინიციატივაა, რომ უნდა არსებობდეს რამდენიმე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად „ლელო" მოიაზრებს საკუთარ თავს, სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად პარტნიორობაში. ამ შემადგენლობაში არ იგულისხმება „ნაცმოძრაობა" და გახარიას გუნდი", - განაცხადა კუპრავამ.
თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“.
დღევანდელი მდგომარეობით, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ოფიციალურად არცერთ პარტიას არ დაუდასტურებია „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების მზადყოფნა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.