თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლისთვის მიღებული 30 მილიონი ლარის ოდენობის პრიზისთვის მადლობა გადაუხადეს, რაც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ნაკრების წევრების მწვავე კრიტიკის საბაბი გახდა.
ივანიშვილის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ქართუმ“ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფიდან გავიდოდა, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი 30 მილიონი ლარის პრემიას მიიღებდნენ. საქართველომ ამ მასშტაბის ტურნირში ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
პრემიის გადაცემის შესახებ ცნობილი ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა.
2 ივლისს ეროვნულ გუნდს ქუჩებში ათიათასობით ადამიანი ოვაციებითა და შეძახილებით დახვდა, თუმცა, უკვე 4 ივლისს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ფეხბურთელები სხვადასხვა ეპითეტებით „შეამკეს".
კრიტიკოსების განცხადებით, ამ თანხის აღება შეუფერებელი და მიუღებელი საქციელია, რადგან ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს ფეხბურთელების ავტორიტეტს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მომხდარი გააკრიტიკა და დასძინა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნამდვილი სახე.
მადლიერება, როგორც ქცევის ნორმა
ფეხბურთელებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სხვებმაც მიბაძონ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მაგალითს და ამით დაეხმარონ ქართული ფეხბურთის განვითარებას.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს. მადლობელი ვარ როგორც მე, ისე ყველა ფეხბურთელი. კარგი იქნება, თუ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ფულს ჩადებს", - განაცხადა ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენს ნიშნავს ფეხბურთი საქართველოსთვის.
„გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ ჩვენი შრომის დაფასებისა და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის განვითარებისთვის“, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ.
ფეხბურთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმაც ისაუბრა.
„ჩვენ, ფეხბურთელები, ძალიან მადლობელი ვართ ამ ყველაფრისთვის. ასეთი ინიციატივები ძალიან ფასეულია... რაც უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია გამოჩნდება, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენენ, როგორც ეს ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა გააკეთეს, მით უფრო განვითარდება ქართული ფეხბურთი", განაცხადა კიტეიშვილმა.
პოლიტიკოსები და აქტივისტები ფეხბურთელების წინააღმდეგ
ფეხბურთელები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ივანიშვილს 30 მილიონისთვის, გააკრიტიკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა. ყველაზე ხისტი იყვნენ მასშტაბური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები, მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე.
„ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლიერების გამოხატვა არ მოგიწიოს... თავს ნუ მოიტყუებთ, ეს კაცი საქართველოს მომავლით ვაჭრობს და ამისთვის იყენებს თქვენს სახელს და წარმატებას“, - დაწერა ბუღაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ფეხბურთელები ცუდ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს, ვისთვისაც ისინი იდეალები არიან.
ფეხბურთელებს „მოხვდათ" „ლეიბორისტული პარტიისგანაც".
„ფეხბურთის ნაკრების წევრი რომ ვიყო, ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარ ფულს ხელს არ დავაკარებ და, ბოლოს და ბოლოს, სიმსივნით დაავადებულთა ფონდში გადავირიცხავდი, რომლებიც ქუჩაში საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ითხოვენ", - დაწერა პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.
დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფეხბურთელების დამსახურებაზე საუბარი ამჯობინეს.
„ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას დიდი სიხარული აჩუქეს, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და აჩვენეს, რომ როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ყველაფერი შეგვიძლია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაც კი“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, მან მმართველი პარტიის რეაქციას არათანმიმდევრული და არაადეკვატური უწოდა. პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერ კრიტიკას, მისაღები თუ არა, ბულინგი არ შეიძლება ეწოდოს.
ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ მოხდეს ფეხბურთელების სიტყვების პოლიტიზირება.
„ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ ამ ბიჭებს. არ შეიძლება მათ ყოველ სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე. ეს არასწორია", - განაცხადა დაუშვილმა.
მან დადებითად შეაფასა ფეხბურთელების რეაქცია მიღებულ პრემიაზე.
„ეს ხალხი აკეთებს მაგარ საქმეს და დიდ ბედნიერებას გვანიჭებენ, მათ ყველას დიდი დღესასწაული მოგვიწყვეს. მჯერა, რომ მათი მხრიდან მადლიერების სიტყვები სწორია, მეც ასე მოვიქცეოდი", - განაცხადა დაუშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციები
მომხდარზე პირველი სრულფასოვანი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან სოციალურ ქსელში დიდი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მწვავედ გააკრიტიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები.
მმართველ პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობენ არა მხოლოდ როგორც პარტიაზე, არამედ როგორც მოვლენაზე, რომელიც ყველაფერ ნეგატიურს ითვისებს, გამუდმებით აპელირებენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტიის ცხრაწლიან მმართველობაზე და მას სისხლიან რეჟიმს უწოდებენ.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალებს" ჩვევა აქვთ არ თქვან „მადლობა“, არ დაუთმონ ადგილი, დასცინონ რწმენას, უარყონ სხვა ადამიანების ცოდნა და გამოცდილება,დაასმინონ ახლობელი და მიმართონ ძალადობას, თუ ვინმეს აზრი მათთვის მიუღებელია. და ამ იდეოლოგიას დასავლეთისა და ევროპის სახელით უკვე წლებია ნერგავენ საქართველოში.
„ნაციონალური მოძრაობის" მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი. ეს არ არის ერთეული, ნორმას აცდენილი ქცევა. არც მხოლოდ პარტიული დავალებაა. ეს იდეოლოგიაა, რომელსაც წლებია ნერგავენ „დასავლეთის“ და „ევროპის“ სახელით", დაწერა პაპუაშვილმა.
დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ სამწუხარო უწოდა იმას, რომ ზოგიერთი იმდენადაა სიძულვილით გაჯერებული, რომ ცდილობენ საერთო წარმატებების პოლიტიზირებას.
„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწრო პარტიული და სიძულვილით სავსე დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ისინი ცდილობენ გადაკეტონ და პოლიტიზებული გახადონ ისეთი უნივერსალური საკითხები, როგორიცაა მადლიერება, ღირსების პატივისცემა, საერთო წარმატების ზეიმი და საქართველო“, – განაცხადა თალაკვაძემ.