თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ფიჯის ნაკრებთან სათამაშოდ მზადაა და გამარჯვებისთვის არის განწყობილი, განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ World Rugby-ის სერიის ტესტ-მატჩის წინ.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბათუმში „Ajarabet არენაზე" 5 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
„დრო გვქონდა ყველა ის დეტალი გაგვევლო, რაზეც მუშაობა და გაუმჯობესება იყო საჭირო, განსაკუთრებით თასის შემდეგ... მჯერა, რომ დღეს გუნდი მზადაა ფიჯისთან თამაშისა და გამარჯვებისთვის", - განაცხადა გორგაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები შეეცდება მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და თამაში დასამახსოვრებელი გახადოს.
გორგაძემ სტადიონზე გულშემატკივართა სიმრავლის და რთულ მომენტებში მოთამაშეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ ჩვენ, თავის მხრივ, ვეცდებით მაქსიმალურად გავახაროთ გულშემატკივარი და კიდევ ერთხელ შევქმნათ რაც შეიძლება მეტი ემოცია სტადიონზე“, - განაცხადა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.
არდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.