თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფრენი აპარატი სუ-25-ის ჩამოვარდნის ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 ივლისს თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა სუ-25 ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, კატასტროფა განიცადა. მომხდარის შედეგად თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
„ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 401-ე მუხლით დაიწყო. საქართველოს პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
დანაშაული ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.