კახეთში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან

სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით კახეთის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული თეთრი პეპელა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იგი საქართველოში პირველად 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წამლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მონიტორინგის შედეგების მიღებისთანავე დაიწყეს. დღეისათვის, 800 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით გრძელდება მონიტორინგი.
„კახეთში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა მწვანე საფარის დასაცავად და მოსავლის შესანარჩუნებლად ტარდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.
მისი თქმით, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდება ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებშიც.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ განხორციელებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.
სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს.