იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა

კონკურსში მონაწილეობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 განაცხადია შესული.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი თავისი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა დანიშნავს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ თამარ გვამიჩავას უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

„პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომისია, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებით იყო დაკავებული, 21 ივნისს შეიქმნა და განაცხადებს 1 ივლისამდე იღებდა. მასში შედიოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„კონკურსში მონაწილეობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 განაცხადია შემოსული. ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს - გასაუბრების ტრანსლირებასოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.
პროცესს ეუთო/ოდირის ექსპერტები დააკვირდებიან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. საბჭო შედგება 15 წევრისაგან - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული ხუთი არამოსამართლე წევრი და არამოსამართლე წევრისგან, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი.