პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

„თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე. ახალი თაობა, უპირველესად, მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. მჯერა, თქვენი ძალა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტ წინსვლასა და განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ”, - ნათქვამია პრემიერის წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.

2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.