მძღოლებს წინა გვერდითა მინების 60%-მდე დამუქების უფლება მიეცათ

აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე 40%-იანი შეზღუდვა მოქმედებდა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ვტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა, შესაბამის დადგენლება „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება შევიდა მუხლში, რომელიც მინების დამუქებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის ნებართვას შეეხებოდა.
თუ ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ავტომობილი ნებართვის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა, რომლის წინა გვერდითა მინები 40%-ზე მეტით იყო დამუქებული, ამიერიდან წინა გვერდითა მინების დამუქება უნებართვოდ 60%-ით იქნება შესაძლებელი.
„ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კი კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე 40%-იანი შეზღუდვა მოქმედებდა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 2 ივლისს შევიდა ძალაში.