ძველი პირადობის მოწმობის მქონე პირები პენსიის აღებას ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ

ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემოდა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID-ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობდნენ.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ იუსტიციის სახლებს და შეცვალონ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა ახლით, რათა არ დარჩნენ პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში 1-ელი ივლისიდან ძველი ტიპის პირადობის მოწმობები გაუქმდა. საუბარია 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ არაელექტრონულ (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებზე. საქართველოს მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს დოკუმენტების პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლება 15 მარტიდან შეუძლიათ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძველი პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს, საკმაოდ მაღალია.
„დღეიდან კანონის ძალით საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური გასაცემების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება მხოლოდ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება“, -აღნიშნა სარჯველაძემ.
ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის ID ბარათით უსასყიდლოდ ჩასანაცვლებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს.
ბოლო მონაცემებით, ძველი ტიპის პირადობის მოწმობა ჰქონდა 217.766 მოქალაქეს, ამავე დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტიც - 2024 წლის 15 მარტიდან 20 ივნისის პერიოდში ძველი ტიპის პირადობის მოწმობის 105,1 ათასმა მფლობელმა უსასყიდლოდ შეძლო თავისი პირადობის მოწმობის ID-ბარათით შეცვლა.
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემოდა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID-ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობდნენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემოდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყოდაID-ბარათზე, წარადგენდა ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.