უეფა 2024: ქართველი პოლიციელები ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ

Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, ქართველმა პოლიციელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობის პერიოდში - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ჩატარებული მატჩების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში (IPCC EURO2024).
ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი თანამშრომელი სტადიონებზე მობილური ჯგუფის სახით საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დროს მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში - საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებსა და მათ მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში.
გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათი თანამშრომელი, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე გერმანელ პოლიციის ოფიცრებს უწევდნენ დახმარებას ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.