თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
გამოძიების მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.
„ახლა ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, - განაცხადა აითაჯის მამამ ისა შახმაროვმა.
აითაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.