ზეიმი გრძელდება: ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ოვაციებით ხვდებიან

Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში თავიანთი გმირების - ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის დასრულების შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შესახვედრად.
აეროპორტში ფეხბურთელებს გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. ნაკრების ავტობუსმა აეროპორტის ტერიტორია ქომაგების შეძახილების - „მადლობა" და ტაშის ფონზე დატოვეს. სპორტსმენებმა ტერიტორია დაბურული მინებით ავტობუსით დატოვეს, რის გამოც ქომაგებს მათი ნახვის საშუალება არ მიეცათ.
ამჯერად ფეხბურთელებმა გულშემატკივარი გაახარეს - ვაკის რაიონში, მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ ღია ავტობუსით დაიძრნენ, სადაც მათთვის სცენა არის მოწყობილი.
მთელი გზის მანძილზე, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრია, მათ გულშემატკივრები საქართველოს დროშებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით დახვდნენ - ავტობუსის მთელ მარშრუტზე საავტომობილო გზა ადრე გადაიკეტა.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.