საქართველოში მასწავლებელთა ხელფასი გაიზარდა

გაზრდილ ხელფასს 53 ათასი პედაგოგი მიიღებს
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 1-ელი ივლისიდან საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ, განაცხადეს განათლების სამინისტროში.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1.745 ლარამდე მერყეობს.
„მასწავლებელთა სახელფასო ბიუჯეტი გაიზრდება დაახლოებით 35%-ით, ხოლო 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში და სტატუსის მიუხედავად, მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელსა და სპეცმასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. სისტემაში დაახლოებით 53 ათასი პედაგოგია, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია.
სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს.