მსოფლიო დღეს

საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანება" ლიდერობს

საფრანგეთის მოსახლეობას არჩევნების ორ ტურში - 30 ივნისსა და 7 ივლისს - 577 დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომლებიც პარლამენტში მათ ინტერესებს წარმოადგენენ.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ფრანგული მედია იუწყება, რომ საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" გაიმარჯვა და ხმების 33,4% მიიღეს.
საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის - პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
„ეროვნულმა გაერთიანებამ" და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% მიიღეს", - წერს გაზეთი Parisien ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.
რაც შეეხება მეორე ადგილს, იგი მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ ხმების 27,98%-ით დაიკავა, მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა - 20,76%. მეოთხე ადგილზეა „რესპუბლიკელები“ ხმების ​​6,56%-ით, დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა ხმების 3,67% მიიღეს.
დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით: საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, „ეროვნულ ერთიანობას" 39 ადგილი ერგო , „ახალ სახალხო ფრონტს" 32, მაკრონის კოალიციას ორი ადგილი, „რესპუბლიკელებს" ერთი ადგილი, სხვა პარტიებს კი ორი ადგილი.
პირველ ტურში ამომარჩეველთა აქტივობამ 66,71% შეადგინა.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საპარლამენტო მანდატების საერთო რაოდენობაა 577. პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის პარტიას სჭირდება 289 მანდატი.
9 ივნისს საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" უკან მოიტოვა პრეზიდენტ მაკრონის მხარდამჭერთა კოალიცია და ხმების 31,36% მიიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის, პარლამენტის ქვედა პალატის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორ ტურად ჩატარების შესახებ.