თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ლეგიონერების კლუბებმა, რომლებიც ასპარეზობენ ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირანის, კვიპროსის, სლოვაკეთისა და ავსტრიის ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატის პლეიო-ოფში ესპანეთთან წაგების შემდეგ, სოციალურ ქსელებში თავიანთი ფეხბურთელები გაამხნევეს.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ესპანურმა კლუბმა „ვალენსიამ", სადაც უკვე მესამე სეზონია თამაშობს გიორგი მამარდაშვილი, ქართველი გოლკიპერის შესანიშნავი თამაში გამოყო.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო-2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში ესპანური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული სეზონის ბოლოს „ვალენსიამ", დიდწილად მამარდაშვილის სეივების წყალობით, ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.
ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი" ევრო-2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებულ თამაშებს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა.
„ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო. ყოჩაღ, გიორგი!“ – წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.
„უოტფორდი" ინგლისის საფეხბურთო დივიზიონში მეორე ადგილზეა.
ევრო-2024-ზე საქართველოს მიერ ნაჩვენებ ისტორიულ შედეგზე წერს გიორგი ქოჩორაშვილის კლუბი „ლევანტე".
„საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად. თქვენ შექმენით ისტორია“, - წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.
„ლევანტე" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში - ლა ლიგა 2-ში თამაშობს.
გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება ევრო 2024-ის პერიოდისთვის 35 მილიონი ევროა, გიორგი ჩაკვეტაძის – 2,5 მილიონი ევრო, გიორგი ქოჩორაშვილის – 1 მილიონი ევრო.
ექსპერტების აზრით, ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება და მათი უმეტესობა უფრო ცნობილ კლუბებში გადავა.
ევრო 2024-ის 1/8-ის გზაზე დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), თურქეთთან კი დამარცხდა (1:3).
საქართველოს მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა.
რაც შეეხება ესპანეთს, იგი მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება - მატჩი შტუტგარდში 5 ივლისს გაიმართება.