დამნაშავეები და დაზარალებულები არასრულწლოვნებს შორის: ახალი მონაცემები

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე გავრცელებულ დანაშაული ქურდობაა
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივნისის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 252 არასრულწლოვანი, რომელთა ძირითადი ნაწილს ბრალი ქურდობაში ედება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული პირებიდან, რომელთა ასაკიც 14-დან 18 წლამდეა, 15 უკვე იხდიდა პირობით სასჯელს.
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია:
ქურდობა
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება
ყაჩაღობა
ძალადობა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარებული იქნა 18 წლამდე 646 პირი, მათგან 281 ოჯახში ძალადობის, 90 - სექსუალური დანაშაულის, 87 კი მუქარის მსხვერპლი გახდა.
2024 წლის ხუთ თვეში მოკლეს ერთი არასრულწლოვანი, ორი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამარტივებულია არასრულწლოვნის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად ცნობის პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული სპეციალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლიდან იწყება. ამასთან, სასჯელი არასრულწლოვნებისთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სასჯელი.