თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩში საქართველო დაწინაურდა და ანგარიში 1:0 გახდა.
საკუთარ კარში გოლი ესპანელმა რობენ ლე ნორმანმა გაიტანა - ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ, ესპანელმა მატჩის მე-18 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამივე შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. შედეგად - სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.