თბილისის აეროპორტში განახლებული Primeclass Lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე გაიხსნა

ახალი ობიექტები კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით დაამატა.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.
ორი ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აეროპორტებში, მათ შორის თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სულ უფრო მზარდი დინამიკით ხასიათდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
„საქართველოსადმი ინტერესი მზარდია, ჩამოდის მეტი ტურისტი და შესაბამისად, აეროპორტში გვყავს მეტი მგზავრი. დღევანდელი დღე ძალიან სწორი და კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მოხდეს თანმიმდევრულად ყველა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა აეროპორტმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და აქ ჩამოსულ სტუმრებს ახალი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და კარგი სერვისები მიაწოდოს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
უწყების ცნობით, დღეიდან გამგზავრების დარბაზი ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე, სწრაფი გასასვლელით მოემსახურება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2, 2 მლნ ლარი შეადგინა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%-ით, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73%-ით გაიზარდა. რაც შეეხება Primeclass Lounge ის განახლებულ სივრცეს, პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 700 ათასი ლარი შეადგინა.
Primeclass Lounge - ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.