სასტუმროს ადმინისტრატორმა ქალმა სტუმრების პირადი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე 30 წლის ქალი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული ქალი ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა.
მიმდინარე წლის 25 მაისს ბრალდებულმა სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახა, რომ მამაკაცმა მეგობარ ქალთან ერთად ღამე სასტუმროში გაატარა. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა.
„ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებული ქალის ოჯახის წევრებს მისწერა და აცნობა, რომ მას ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა.
სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი სსკ-ის 157-ე მუხლით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.